ლატვიის დაზვერვის სამსახურმა პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გამოაცხადა

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობისას პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოდის. სპეცსამსახურმა აღნიშნა, რომ 16 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიციასთან თანამშრომლობით, რამდენიმე კვირაა, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაძლო პროვოკაციების ოპერატიულად გამოვლენის მიზნით. წელს პროვოკაციების რისკი უფრო მაღალია, რადგან მსვლელობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ემთხვევა. კერძოდ - რიგაში რუსეთის საელჩოში ხმის მიცემაა დაგეგმილი.


როგორც სადაზვერვო სამსახურებმა აღნიშნეს, ბოლო დროს ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები იკვეთება. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის დროს ბოლო პერიოდში ეთნიკური დაძაბულობის ზრდა შეამჩნია.


SDB-ს ხელთ არსებული ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ლეგიონერების მსვლელობისას რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი შეგნებულად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მათი გამორიცხვა შეუძლებელია. 16 მარტს რიგაში ლატვიელი ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება.

ამ დღეს რიგაში ყოფილი ლეგიონერებისა და ლატვიელი ნაციონალისტების მსვლელობა იმართება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია ამოწმებს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები კონტროლს გააძლიერებენ.