„ციმბირის ბატალიონი“ აცხადებს, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში, გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა დაიკავა

პროუკრაინულ რუსული სამხედრო ჯგუფში განაცხადეს, რომ ისინი ბელგოროდის ოლქის გორკოვსკის დასახლებაში შევიდნენ.ციმბირის ბატალიონის“ Telegram-ის ცნობით, მებრძოლებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.


„რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების ქვედანაყოფები ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის მოხალისეებთან ერთად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე გორკოვსკის დასახლებაში და აიღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ბოლო მონაცემებით, დასახლებაში 450-მდე ადამიანი ცხოვრობდა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 12 მარტს ადასტურებდა უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას. მისი ცნობით, უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა" მოსკოვის დროით 03:00 საათზე დაიწყო „სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვით", შემდეგ კი, „უკრაინელმა ბოევიკებმა“ ტანკებითა და საბრძოლო ჯავშანმანქანებით სცადეს ბელგოროდის ოლქის ერთდროულად სამი დასახლებული პუნქტის: ოდნორობოვკის, ნეხოტეევკის და სპოდარიუშინოს რაიონებში შეჭრა.


რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს ასევე მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ტარდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ.