WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს იძენს, მათ შორის - რუსეთის მოკავშირეებისგანაც

ჩეხეთმა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება.

WSJ-ის ცნობით, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს ჭურვებს.


სავაჭრო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია, რომ შეიარაღება ჩეხეთის ან მესამე ქვეყნების გზით გაიგზავნება.

ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. ყველაზე დიდი ფინანსური წილი გერმანიამ გაიღო.

უკრაინაში ჭურვების პირველი პარტიის გაგზავნა შეიძლება, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყოს.