კობახიძე: NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია.


„ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.


მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა.

წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

თავის მხრივ, NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.