პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად, ჯავშანტექნიკის კოალიციას ქმნიან

პოლონეთი და გერმანია შექმნიან ჯავშანტექნიკის კოალიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული, აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ კამიში. მისი თქმით, ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალებზე პასუხისმგებლობას პოლონეთი და გერმანია იღებენ.

„ივლისიდან ჩვენი საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც შედგება 2,500 პოლონელი ჯარისკაცისგან და 2,500 გერმანელი ჯარისკაცისგან, მზადყოფნაში იქნება სწრაფი რეაგირებისთვის. ეს არის ძალები, რომლებიც ასრულებენ სტრატეგიული კომპასის ამოცანებს," - აღნიშნა კოსინიაკ კამიშმა.


კერძოდ, 26 მარტს ვარშავაში, პოლონეთი და გერმანია ააქტიურებენ ჯავშანტექნიკის კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად.

„მეტი პარტნიორი უკვე დარეგისტრირდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია," - აღნიშნა კამიშმა.


უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ჯარის გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით, საფრანგეთის ლიდერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ უკრაინაში ძალების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს. ბოლოს, მაკრონმა ასეთი განცხადება 17 მარტს გააკეთა.


NATO-ს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, მათ შორის გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ესპანეთი და იტალია. თუმცა, არის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, მათ შორის, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.