ჰაერის მაკონტროლებელმა კომპანია IQAir-მა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები, რომლსი თანახმად, ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება. ჰაერში მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, მათ შორის ჭვარტლისა და მტვრის, - შემცველობა, რომელთა ჩასუნთქვა მრავალ პრობლემას იწვევს ჯანმრთელობისთვის, ყველაზე დაბალია მავრიკიში. მას მოსდევენ ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ესტონეთი და ფინეთი.
2023 წელს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი იყო ბანგლადეშში: საშიში მიკრონაწილაკების რაოდენობა იქ 16-ჯერ აღემატებოდა ნორმას - კუბურ მეტრ ჰაერზე ხუთ მიკროგრამს, რაც WHO-მ 2021 წელს დააწესა. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნების სამეულში ასევე შედიან პაკისტანი და ინდოეთი.
- საქართველო 62-ე ადგილზეა კატეგორიაში, სადაც შემავალ ქვეყნებშიც ჰაერის დაბინძურება ნორმას 3-5-ჯერ აღემატება.
მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, ემისია ძირითადად ხდება ისეთი საწვავის წვის შედეგად, როგორებიცაა, ნახშირი, ხეტყე, დიზელის საწვავი, და მოცულობის გამო დიდხანს რჩება ჰაერში. WHO-ს მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ასევე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2,2 წლით ამცირებს.
The Guardian-ი წერს რომ, ზოგიერთი კვლევით, ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი ახდენს გავლენას სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის რაოდენობის ზრდაზე სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამო. ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად IQAir-ის ექსპერტები ქვეყნებს ურჩევენ, გაზარდონ ფეხით მოსიარულეთა წილი, შეცვალონ სატყეო მეურნეობის წარმოების მეთოდები და უფრო სწრაფად შეცვალონ წიაღისეული ენერგომატარებლები სუფთა ენერგიით.