"მომდევნო კვირაში COVAX-ისთვის შეკვეთილ ვაქცინებს 31 ქვეყანაში მიიღებენ. კერძოდ, საუბარია 14,4 მილიონ დოზაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ამ კვირაში 20-მა ქვეყანამ 20 მლნ დოზა ვაქცინა მიიღო. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ვაქცინებს კიდევ 31 ქვეყანაში ჩაიტანენ.
"COVAX-ისთვის ეს კვირა გარდამტეხი მომენტი იყო. ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. ამ ორი ქვეყნის გარდა COVAX-მა ვაქცინები ჩაიტანა ანგოლაში, კამბოჯაში, კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გამბიაში, ინდოეთში, კენიაში, ლესოთოში, მალავიში, მალიში, მოლდოვაში, ნიგერიაში, ფილიპინებში, კორეის რესპუბლიკაში, რუანდაში, სენეგალში, სუდანსა და უგანდაში. საერთო ჯამში, COVAX-მა 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა ჩაიტანა. მომდევნო კვირაში კი კიდევ 31 ქვეყანას ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას მიაწვდის და ამით ქვეყნების საერთო რაოდენობა 51-ს მიაღწევს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, WHO ოთხ სტრატეგიაზე მუშაობს.
„პირველი და ყველაზე მოკლევადიანი მიდგომაა ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების დაკავშირება სხვა კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინების ბოთლების შევსება და პროცესის დასრულება. ამან შესაძლოა დააჩქაროს წარმოების პროცესი და გაზარდოს მოცულობა, მაგალითად, Johnson & Johnson-ის და Merck-ის შეთანხმების მიხედვით, Merck-ი დაასრულებს J&J-ის ვაქცინის ჩამოსხმას და დისტრიბუციისთვის გამზადებას..
მეორე მიდგომაა ორმხრივი ტექნოლოგიების ტრანსფერი, ანუ ვაქცინის პატენტის მფლობელი კომპანიის მიერ ლიცენზიის გადაცემა იმ კომპანიისთვის, რომელსაც მისი წარმოება შეუძლია. ამის კარგი მაგალითია AstraZeneca-ს მიდგომა, რომელმაც ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია სამხრეთ კორეაში SKBio-ს, ხოლო ინდოეთში - Serum Institute-ს მიაწოდა. ახლა ეს ორი აწარმოებს AstraZeneca-ს ვაქცინას COVAX-ისთვის. ამ მიდგომის მთავარი ნაკლოვანება არის გამჭვირვალობის ნაკლებობა.
მესამე მიდგომაა კოორდინირებული ტექნოლოგიების ტრანსფერი. აქ ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, მწარმოებლები, რომლებიც თავიანთი ვაქცინის ლიცენზიას გადასცემენ სხვა კომპანიებს WHO-ს გლობალური მექანიზმის კოორდინაციით. ისინი ასევე უზრუნველყოფენ მიმღები კომპანიების თანამშრომელთა დატრენინგებას და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კოორდინირებას.
მეოთხე მიდგომაა, ის რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია, თავად აწარმოოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, თუმცა ამისთვის აუცილებელია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აამოქმედოს წესი, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის დროს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა აუცილებელი არ იქნება. - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.