ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ების საბრძოლო მასალისა და დრონების შესაძენად, 350 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი - 200 მილიონ ევროზე მეტს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.

ნიდერლანდები F-16-ისთვის ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას შეიძენს. გარდა ამისა, ქვეყანა რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის.


„ეს ეხება არამხოლოდ თავად თვითმფრინავს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სათადარიგო ნაწილს და საბრძოლო მასალას,“ - აღნიშნულია ოლონგრენის განცხადებაში.

ნიდერლანდები ასევე 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს დრონებისთვის. კერძოდ, იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულების დრონების შეძენა და უკრაინაში გაგზავნა. ეს კეთდება სხვა პარტნიორებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ.

”ეს დრონები უკვე გამოიყენება და კარგად წარმოაჩინეს თავი ბრძოლის ველზე,” - განაცხადა ოლონგრენმა.