სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, რათა განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას,“ - ციტირებს მედია არმენ გრიგორიანს.
ცნობისთვის, 2023 წლის 5 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიება მზადდებოდა.
ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილი ღიად დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო.