ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა, ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს (EU) შორის ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. შეთანხმება მოიცავს სურსათით ვაჭრობას, ხელოვნური ინტელექტს (AI), ახალგაზრდების გადაადგილებას. ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო „კარგი დღე“ დიდი ბრიტანეთისა და ევროპისთვის და შეთანხმებას შეუძლია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა წელიწადში 17 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს სტუდენტები კვლავ „მიიღებენ მონაწილეობას Erasmus+-ის პროგრამაში“. ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაასრულეს მოლაპარაკებები ახალგაზრდების მობილობის სქემასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეს სქემა 100 000 ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, სამ წლამდე დრო გაატარონ „ერთმანეთის ქვეყნებში“, სადაც ისინი შეძლებენ მუშაობას, მოგზაურობას, სწავლასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახალგაზრდები „განსაზღვრავენ მომავალს.“ ასევე დასრულდა მოლაპარაკებები სასურსათო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე. შედეგად, მომხმარებლებისთვის ხარჯები შემცირდება. ასევე დასრულდა მოლაპარაკებები ნახშირბადის ბაზრების დაკავშირების თაობაზე. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას და ინვესტიციების მოზიდვას უფრო სუფთა ინდუსტრიებში. ეს ასევე ნიშნავს „იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე გადაჭარბებული დამოკიდებულების“ შემცირებას. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი იწყებენ დიალოგს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, რათა უკეთ დაიცვან მომარაგების საკვანძო ჯაჭვები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო ბლოკი და გაერთიანებული სამეფო ასევე იწყებენ ციფრულ პარტნიორობას და „ერთობლივი ინოვაციების შექმნის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. „ჩვენ ვაძლიერებთ საერთო უსაფრთხოებას. გუშინ ჩვენ შევხვდით ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე, სადაც ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროპის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენ დავასრულებთ რუსეთის აგრესიულ ომს ერთიანობით და სიძლიერით. ომის შემდეგ შევინარჩუნებთ მშვიდობას მხოლოდ ევროპული ერთიანობით და სიძლიერით. ბოლო ხუთმა წელიწადმა გვაჩვენა ევროპული ერთიანობა და სიძლიერე და ეს განსაკუთრებით ევროკავშირს და ბრიტანეთს ეხება. უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ჩვენ თანამშრომლობა გვაძლევს ძლიერ საფუძველს. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ თავდაცვით შესაძლებლობებზე და სამხედრო მობილურობაზე და უკეთესად დავიცავთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვხსნით გზას ბრიტანეთის მონაწილეობისთვის ჩვენი სამოქალაქო უსაფრთხოების და თავდაცვის მისიებში და ჩვენ ასევე გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეების, ჰიბრიდული თავდასხმების და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი დემოკრატიები. ჩვენ შევებრძოლებით უკანონო მიგრაციას. გვაქვს ლა-მანშის არხთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რაც მოგვცემს ცხად საფუძველს ერთობლივი მოქმედებისთვის,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ბრიტანეთის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.  შეგახსენებთ, 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე, ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა. გაერთიანებული სამეფო ორგანიზაციას თავდაპირველად 1973 წელს შეუერთდა. კენჭისყრის შედეგად, 52%-მა 48%-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას. ამ პროცესს „ბრექსიტი“ (Brexit) ეწოდა — რაც სიტყვების „Britain“ (ბრიტანეთი) და „Exit“ (გასვლა) შეერთებით მიღებული ტერმინია.  

სტუბი: ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინაზე პუნქტი ამოიღო

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინის შესახებ პუნქტი ამოიღო.  ალექსანდრ სტუბის განმარტებით, ქალაქ შენჭენში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მეთაურების მიერ გამოქვეყნებულ სამშვიდობო დეკლარაციაში უკრაინის შესახებ პუნქტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-მა ტექსტის ფორმულირების გამო მისი ამოღება მოითხოვა. „ფორმულირება არადამაკმაყოფილებელი იყო და აშშ-მ ის ამოიღო. ვფიქრობ, ეს სწორი იყო,“ - აღნიშნა სტუბმა. ასევე, სტუბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს დაურეკა და მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ. „საქმე იმაშია, რომ რუსეთში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და ის ვლადიმერ პუტინია,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გავრცელდა - რა წერია ტექსტში  

გურგენ არსენიანი რუსეთში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სომხეთმა რუსეთში ელჩი შეცვალა. სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში დაკონკრეტებული არ არის ელჩის გათავისუფლების მიზეზები. სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამველ მკრტჩიანი რუსეთის ფედერაციაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მას 2018–2023 ეკავა ელჩის პოსტი პოლონეთში. ასევე მსახურობდა დიპლომატად ლიბანში. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეუთოს „მინსკის ჯგუფში“ სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი ჯგუფის წევრი. კარიერის განმავლობაში ის ასევე მუშაობა სომხეთის დროებით საქმეთა რწმუნებულის თანამდებობაზე ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში. იყო ელჩის მოადგილე ეუთოში, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. სომხური მედია 2026 წლის დასაწყისში წერდა, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა გეგმავდა მის შეცვლას, რადგან ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მას ელჩ არსენიანს მთავრობასთან უთანხმოება ჰქონდა ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის გამო. არსენიანმა უარყო ასეთი ინფორმაცია და მას ჭორები უწოდა. 2026 წლის 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი არსენიანი „თანამშრომლობისთვის“ მედლით დააჯილდოვა. მას ჯილდო საგარეო მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა გადასცა „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის“. გალუზინმა და არსენიანმა ასევე განიხილეს „ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული დღის წესრიგის არაერთი საკითხი. გურგენ არსენიანი ელჩად 2024 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2000 წლიდან ის სომხეთის პარლამენტის წევრი იყო. ფაშინიანის გუნდამდე ის ექსპრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქიანის პარტიების წევრიც იყო. ფაშინიანი: დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ  

დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა დააანონსა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა. მინისტრის განცხადებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და ქვეყნიდან სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ აცნობეს. რუსეთის სამხედრო ატაშემ დანია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. ასევე, ლოკეს თქმით, დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადგილობრივმა სასამართლომ დანიაში მცხოვრებ ორ კაცს უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა. საბრალდებო აქტის თანახმად, დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დაკვეთით, უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ, რომლის კონცერტიც დანიაში სექტემბერში უნდა გამართულიყო. დანიის პოლიციამ ეჭვმიტანილები დაგეგმილ კონცერტამდე დააკავა.  

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა მაროკოდან, თურქეთიდან და ეგვიპტიდან ბენზინის რეკორდული მოცულობის შესყიდვა დაიწყო

Financial Times-ის ცნობით, ოქტომბერში რუსეთში ბენზინის იმპორტმა რეკორდულ 390 000 ტონას მიაღწია. მაროკო უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ინდოეთმა, რომელმაც რუსეთს ბენზინით ამარაგებდა აგვისტოში, საწვავის კრიზისის პიკში, მკვეთრად შეამცირა მიწოდება. Kpler-ის მონაცემების თანახმად, თურქეთი მიწოდების ჯაჭვს ივლისში შეუერთდა, ხოლო ოქტომბერში ეგვიპტიდან საწვავის შესყიდვები პირველად დაიწყო. „გლობალურ ნავთობპროდუქტების ბაზარზე, რუსეთის პოზიცია მთავარი ექსპორტის ცენტრიდან იმპორტიორამდე თანდათან გადადის და ეს შესანიშნავი შემობრუნებაა,“ - აღნიშნავს Kpler-ის ანალიტიკოსი სამიტ რიტოლია. ზღვით იმპორტის გარდა, რუსეთი აგრძელებს ბენზინის შეძენას ბელორუსიდან - ამ ციფრმა ოთხი თვის განმავლობაში 600,000 ტონას მიაღწია. რუსმა ნავთობპროდუქტების მწარმოებლებმა ასევე მიიღეს დაახლოებით 8,000 ტონა ყაზახეთიდან. ამ მომწოდებლების ფართო გეოგრაფია ხაზს უსვამს მოსკოვის სირთულეებს საწვავის მოძიებაში, იუწყება FT.  

The Atlantic: კუშნერი უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებელი თავდაცვის კომპანიების ინვესტორი აღმოჩნდა

The Atlantic-ის ცნობით, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენლად და მომლაპარაკებლად პოზიციონირებს, უკრაინისა და ირანის ომებიდან მოგებას იღებს.  გამოცემის ცნობით, კუშნერის ფონდმა, Affinity Partners-მა, 32 მილიონი დოლარი ჩადო Arxis-ში, რომელიც გამანადგურებლების, წყალქვეშა ნავების და საჰაერო თავდაცვის სისტემების „კრიტიკული კომპონენტების“ მიმწოდებელია - ისინი რუსეთ-უკრაინის ომში გამოიყენება. ეს სისტემები ასევე გამოიყენება აშშ-ისრაელის კონფლიქტში, სადაც კუშნერი, სტივენ ვიტკოფთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის მომლაპარაკებლად მუშაობს. The Atlantic-ის ცნობით, კუშნერი ერთდროულად ფიგურირებს მინიმუმ სამ დასავლურ კომპანიაში, რომლებიც იარაღის წარმოებასა და სამხედრო ტექნოლოგიებში არიან ჩართულნი. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Q-CTRL, რომელიც სპეციალიზირებულია კვანტური ინფრასტრუქტურის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მათ შორის ნავიგაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში. მის შემუშავებას იყენებენ თავდაცვის სააგენტოები ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. The Atlantic-მა კომენტარისთვის ჯარედ კუშნერსა და მის წარმომადგენელს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ის მფლობელობაშია ისრაელის ფინანსურ ჯგუფ Phoenix Financial-ის მნიშვნელოვანი წილი. თავის მხრივ, Phoenix Financial-ს წილები აქვს ისრაელის თავდაცვის სექტორის ცხრა კომპანიაში. „კუშნერი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი საქმეა „ომების დასრულება, ხალხის გაერთიანება და მშვიდობის მიღწევა“, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების გაგრძელება მის ბიზნეს პარტნიორებს უფრო წარმატებულს ხდის,“ - წერს The Atlantic. CNN-მა ადრე კუშნერი ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა Phoenix Financial-თან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ტრამპის სიძე მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულების მოლაპარაკებებში, მაგრამ ამავდროულად, მედიასაშუალების ცნობით, მან სარგებელი მიიღო ბრძოლის გაგრძელებიდან და ისრაელის თავდაცვის ინდუსტრიაში შეკვეთების ზრდიდან. კუშნერმა უარყო ბრალდებები, ჟურნალისტების დასკვნებს მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც Affinity-ს პირადად არ ჰქონდათ „პირდაპირი წილები“ ​​Phoenix-ში და არანაირი გავლენა არ ჰქონდათ ისრაელის გადაწყვეტილებებზე.    

საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღეა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, სამი ქალი და ერთი კაცია. 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.  

იტალიამ Facebook €805 მილიონით დააჯარიმა

იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის გიგანტი Meta 805 მილიონი ევროთი დააჯარიმეს — მიზეზი, Android-ის მომხმარებელთა ფოტოებზე მათი კონკრეტული თანხმობის გარეშე წვდომაა.  მონაცემთა დაცვის ორგანოს განცხადებით, კომპანია Meta-მ სმარტფონის დაახლოებით 20 მილიონ მომხმარებელს არ აცნობა, რომ Facebook-ის აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციის მეშვეობით, მას წვდომა ჰქონდა მათ ფოტოებსა და ვიდეოებზე. მარეგულირებელმა კომპანიას ამ ფუნქციის გასათიშად და მის გამოსაყენებლად ცალკე თანხმობის მოსაპოვებლად 60-დღიანი ვადა განუსაზღვრა. საუბარია ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებლებს Facebook-ის დათვალიერებისას გალერეიდან შეთავაზებებს აჩვენებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ფუნქცია ავტომატურად იყო გააქტიურებული და აპლიკაცია გალერეაზე წვდომას ერთიანი ნებართვით ითხოვდა. ეს ერთიანი თანხმობა განსხვავებული მიზნების მქონე სხვადასხვა ფუნქციას აერთიანებდა, რაც იტალიის კანონმდებლობაში ასახულ ევროპულ კონფიდენციალურობის დირექტივას არღვევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი იტალიის რომელიმე უწყებას ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუკისრებია. Meta-ს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.  

როგორ იყენებენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის საკითხებისთვის - Apple-მა კვლევა დაიწყო

Apple-მა ექსპერიმენტული აპლიკაცია ჩაუშვა, რათა შეისწავლოს, თუ როგორ მიმართავენ მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო რჩევისთვის და რამდენად სასარგებლოდ მიიჩნევენ პასუხებს. კომპანია პროექტისთვის ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ OpenEvidence-თან თანამშრომლობს და შეერთებულ შტატებში 200 000-მდე მონაწილის მოზიდვას  ისახავს მიზნად. კვლევა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება და მისმა დასკვნებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ განავითარებს Apple საკუთარ ჯანდაცვის სერვისებს. Apple პირობას დებს, რომ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის არ გამოიყენებს. კომპანია ანონიმურობის დაცვის პირობას დებს. OpenAI-ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული მონაცემებით, ChatGPT-ის მომხმარებლები ყოველკვირეულად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ 300 მილიონზე მეტ კითხვას უსვამენ.  

ისრაელში ფილტვის გადანერგვის პირველი რობოტიზებული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ისრაელში, ბეილინსონის სამედიცინო ცენტრის (Beilinson Medical Center) ქირურგებმა, დოქტორ იური პეისახოვიჩის ხელმძღვანელობით, ფილტვის გადანერგვის პირველი რობოტიზებული ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. Da Vinci-ს რობოტული სისტემის გამოყენებით ჩატარებული ეს ქირურგიული ჩარევა მსოფლიოში დღემდე ჩატარებულ დაახლოებით 20 მსგავს პროცედურას შორის ერთ-ერთია. როგორც წესი, ფილტვის გადანერგვა, 8-დან 10 საათამდე გრძელდება და გულმკერდის სრულ გახსნასა და ნეკნების დაშორებას საჭიროებს, რაც ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილით ხასიათდება, ეს პაციენტისთვის ღრმად ჩასუნთქვასა და ნახველის გამოყოფას ართულებს და ფილტვების ინფექციებისა და გართულებების რისკს საგრძნობლად ზრდის. ხსენებული ოპერაცია კი რამდენიმე მცირე განაკვეთით განხორციელდა. ქირურგებმა რობოტის დახმარებით გადანერგილი ფილტვი პაციენტის სისხლძარღვებსა და სასუნთქ გზებს მინიმალური ტრავმით მიუერთეს, რის შედეგადაც, პაციენტის რეაბილიტაცია მოსალოდნელზე სწრაფად წარიმართა. ახალი მეთოდის გამოყენებამ გამორიცხა მკერდის ძვლის დიდი გაჭრა და ნეკნების გაწევა. მსოფლიოში პირველი ასეთი ოპერაცია 2023 წელს ესპანეთში ჩატარდა.  

Moderna-ს mRNA ვაქცინა მაღალი რისკის მელანომის განმეორებასა და გავრცელებას ამცირებს — კვლევა

კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა, რომ კიბოს mRNA ვაქცინამ მელანომის რეციდივისა და გავრცელების რისკი შეამცირა. შესაბამის განცხადებას კომპანია Moderna ავრცელებს. ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიის აქციები 160%-ით გაზარდა. ეს არის პირველი წარმატებული შედეგი მრნმ-ის (mRNA) კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპზე. ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას „ასწავლის“, როგორ ებრძოლოს სიმსივნეს — ის მიზანში იღებს სიმსივნურ უჯრედებში არსებულ კონკრეტულ მუტაციებს. კვლევამ ასევე პირველად აჩვენა, რომ Keytruda-სთან {კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული პრეპარატი} ამ ვაქცინის დამატება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ Keytruda-ს გამოყენება. მსგავსი მიდგომები ამჟამად ფილტვის, ძუძუსა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგაც გამოიცდება. Parker Institute for Cancer Immunotherapy-ის ხელმძღვანელმა კარენ კნუდსენმა თქვა, რომ Moderna-ს შედეგებმა შესაძლოა, მყარი სიმსივნეების მკურნალობაში ახალი ეპოქის დასაწყისი მოასწავოს. მისი თქმით, ეს წარმატებული შედეგი იმუნოთერაპიის განვითარების ახალ ეტაპს ხსნის — „ეს მხოლოდ დასაწყისია.“

აშშ-მ პირველად დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

აშშ-მ დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ ასეთი შეტევითი შესაძლებლობები აღიარა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ტროი მეინკმა განაცხადა, რომ „ორბიტაზე“ იარაღის ფლობა აუცილებელი იყო აშშ-ის ძალების მტრული მტრის ქმედებებისგან დასაცავად. მეინკმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა „მზარდი საფრთხეებისთვის“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია იარაღის შესაძლებლობები ან როდის გაიგზავნა ის ორბიტაზე. BBC-ის ცნობით, 1967 წლის ხელშეკრულებით, მასობრივი განადგურების იარაღის ორბიტაზე გამოყენება აკრძალულია. მას შემდეგ სახელმწიფოები — მათ შორის აშშ, რუსეთი და ჩინეთი — ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა შესაძლებლობებს განიხილავენ; მაგალითად, მოწინააღმდეგეთა თანამგზავრების სამიზნეში ამოღებას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს სამხედრო კომუნიკაციაში, დაზვერვასა და ნავიგაციაში.  

ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პირველად ჩატარდა

ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში (UCLH) ნეიროქირურგებმა მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალურ დროში ტვინის სიმსივნის ამოსაკვეთად. ქირურგებმა ოპერაცია ახალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაატარეს, რომელიც ტვინის პაწაწინა ანატომიის იდენტიფიცირებას მნიშვნელოვანი სტრუქტურების ფერადი კოდირებით უწყობს ხელს, რათა ქირურგებმა უსაფრთხოდ ამოიცნონ ისინი. ამ ოპერაციამ 48 წლის ბრიტანელ პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა აარიდა. საავადმყოფო ადრე ამ ტექნოლოგიას კვლევის ინსტრუმენტად იყენებდა, მაგრამ ხსენებული ოპერაცია პაციენტზე პირველად ჩატარდა. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ოპერაციამდე გადაღებულ მრტ (MRI) სკანირებას ეყრდნობა, AI-სისტემა პირდაპირ აანალიზებდა ქირურგიული კამერიდან მიღებულ გამოსახულებას. პროგრამა ეკრანზე სხვადასხვა ფერით ნიშნავდა ტვინის უმცირეს ანატომიურ ნაწილებს. ის ექიმებს აჩვენებდა უხილავ სისხლძარღვებსა და ნერვებს, რომელთა დაზიანებაც კი ბრმა ზონაში იყო მოქცეული. 11-მილიმეტრიანი ადენომა ჰიპოფიზის მიდამოში მდებარეობდა. ეს ზონა მჭიდროდ არის გარშემორტყმული მხედველობის ნერვებითა და საძილე არტერიებით, სადაც ერთი მილიმეტრის ცდომილებასაც კი შეუძლია, სიბრმავე ან ინსულტი გამოიწვიოს.  

ეკონომიკა

ყირგიზეთში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინეს

კომპანია „ყირგიზნეფტეგაზის“ (Kyrgyzneftegaz) ინფორმაციით, ყირგიზეთში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინეს. მაილუუ-სუუს რაიონში აღმოჩენილი საბადოს გაზის დღიური მოპოვების პოტენციალი 40 000 კუბურ მეტრზე მეტს შეადგენს. ეს ქალაქ კოჩკორ-ატას და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფს. სააქციო საზოგადოება „ყირგიზნეფტეგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, სამსაალი ჩეტიმბაევმა აღნიშნა, რომ ბოლო 10–15 წლის განმავლობაში კომპანიაში მსგავსი წარმადობის გაზის წყარო არ დაფიქსირებულა.  

ანალიტიკა

„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში

EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი  შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს  აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები

Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ მოგვისმენია თქვენი კომენტარები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორ შეესაბამება თქვენი ადრინდელი ვარაუდები/მოლოდინები ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკასა და პროცესს? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ ბასს. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი, თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში NATO-სთან - ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში. თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას, მათ შორის, დაიცვას პრინციპები, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვნახეთ,“ - აღნიშნა ბასმა საერთაშორისო და ქართული მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე. „როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია,“ - განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ის აშშ-ის სენატმა 2021 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილედ. სახელმწიფო მდივანმა კი, 2024 წლის 23 მარტს დანიშნა ჯონ ბასი პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიას უკვე ახორციელებს

EXCLUSIVE Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკვე აამოქმედა. სტრატეგია, რომელსაც Europetime გაეცნო, გულისხმობს გაზრდილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას ეფუძნება. „შეერთებული შტატები ამ სტრატეგიას უკვე ახორციელებს და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ, რათა სტრატეგია, საერთო მიზნების მისაღწევად წინ წავწიოთ. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, მიმდინარე პროცესია; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთლიანი მთავრობის ხედვას და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მიმდინარე ძალისხმევა, განვავითაროთ სამომავლო ინიციატივები და განვაცხადოთ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, მისი განხორციელების მხარდასაჭერად,“ განუცხადა Europetime-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. რა არის შავი ზღვის სტრატეგია? სახელმწიფო დეპარტამენტში, Europetime-თან ამბობენ, რომ 2023 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) აშშ-ის კონგრესი სთხოვდა, შავი ზღვის რეგიონის მხარდასაჭერად, შეემუშავებინა და განეხორციელებინა სტრატეგია, რომელიც გვთავაზობდა უსაფრთხო, აყვავებულ, ურთიერთდაკავშირებულ და მავნე ზეგავლენისგან, ეკონომიკური იძულებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხისგან თავისუფალ გარემოს, NSC-მ სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშის შემუშავების უფლებამოსილება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა გაზარდონ პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა, უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ აცხადებენ აშშ-ის საგარეო უწყებაში. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები

ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს

Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.  ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს  

„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

ორი წელი ომიდან: პუტინმა აღიარა, რომ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია; უკრაინა აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია; ბაიდენის ადმინისტრაცია, კიევის დახმარების საკითხის გარშემო, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ სანქციებს“ აანონსებს. ომის მეორე წლისთავის წინ, პირველ თებერვალს კიევმა ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, კიევი კვლავ აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.“ კიევი და მისი მთავარი პარტნიორი - აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაიღო უკრაინისთვის, ახლა რესურსების შეფერხების უარყოფით გავლენებზე უკვე მიუთითებენ. ბრძოლის ველზე მძიმე სურათია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მიიჩნევს, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს, რადგან მას კატასტროფული მომავალი ექნება“: „რადგან მოსკოვს ნომინალური კონტროლის საზღვრებში 40 მილიონი მტერი ეყოლება,“ ამბობს გობლი Europetime-თან. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს,“ - მიიჩნევს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. პოლ გობლს, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, არ სჯერა, რომ პუტინი ოდესმე წაგებას აღიარებს. „პუტინი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის მსხვერპლად შეწირვას, რათა ძალაუფლება სიკვდილამდე შეინარჩუნოს,“ ამბობს პოლ გობლი. ბაიდენის ადმინსტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ კონგრესი უკრაინისთვის კრიტიკულ დახმარებას დაამტკიცებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ კიევი „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აღნიშნავს, რომ ახლა თითოეული დღე გადამწყვეტია. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე. „ჩემზე, ისევე, როგორც ყველაზე, შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გამძლეობამ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს უკანასკნელი, მაგრამ არა პირველი, გარკვეულწილად, მცირდება,“ აღნიშნავს პოლ გობლი Europetime-თან. უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე. „ომი ჩიხშია და გარკვეული პერიოდია, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი წინსვლა არცერთ მხარეს არ შეუძლია,“ ამბობს Europetime-თან კლაუს ლარესი - ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი, ლარესი ასევე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების მოწვეული მეცნიერი. ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინს სურს, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგს ნოემბერში. „შესაძლოა, ტრამპმა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არ ვიცით,“ - აღნიშნავს კლაუს ლარესი. ამერიკელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შტატების დახმარება სიტუაციას ახლა ალბათ, შეცვლიდა, თუმცა დანამდვილებით, პროგნოზების გაკეთება რთულია. შტატებს უკვე მზად აქვს იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნას უკრაინისთვის სასწრაფოდ გეგმავს, მას შემდეგ, თუ კონგრესი უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პაკეტს დაამტკიცებს. 23 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გამაბადგურებელი სანქციები დააანონსა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი 2024 წლის იანვარში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშიც, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას ეხება. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. „რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი,“ წერს HRW. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო „გააცნობიერებს პუტინის საფრთხეს.“

„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.  „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი.  „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.