ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. პევკურმა კიევში თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრა გამართა.


ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას.

„ჩვენ შევკრიბეთ ეს პაკეტი უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებელის უზრუნველსაყოფად და ამავე დროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს არ შეამცირებს ესტონეთის თავდაცვის მზადყოფნას,“ - აღნიშნა ჰანო პევკურმა.


დახმარების პაკეტში შედის 155 მმ-იანი ჭურვები, რაც ესტონეთის დამატებითი წვლილია ევროკავშირის ინიციატივაში - უკრაინისთვის მილიონი ჭურვის გაგზავნის ძალისხმევაში. ესტონეთის კონტრიბუცია ნაწილობრივ დანიის მიერ დაფინანსდება. საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობა უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება. პევკურმა აღნიშნა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უკრაინას ესაჭიროება, პირველ რიგში, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის ყველა ელემენტი, ასევე, სათადარიგო ნაწილები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.


მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოს უკრაინაში მიწოდებული ჭურვების რაოდენობა, ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, დაახლოებით 500 ათასს მიაღწევს. იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.