სლოვენიამ რუსი დიპლომატი გააძევა

„დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის“ გამო, სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუბლიანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, იუწყება STA.

თანამშრომელმა სლოვენია 28 მარტამდე უნდა დატოვოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. სლოვენია მეოთხე ქვეყანაა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც გასულ კვირაში რუსი დიპლომატები გააძევეს. 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პირად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზებაში დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე.


ასევე 19 მარტს ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო ქვეყნიდან გააძევა. 13 მარტს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ, ასევე - “დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო.“

ეს ფორმულირება ჩვეულებრივ გამოიყენება, როდესაც საქმე ეხება ჯაშუშობაში მონაწილეობას ან უცხო სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებში მუშაობას. ავსტრიაში რუსეთის საელჩომ ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური" უწოდა, რუსეთის საგარეო უწყება კი, საპასუხო ზომებით დაიმუქრა.