„ჩემი ოცნებაა, უკრაინაში ომი დასრულდეს და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იყოს. რაც ხდება, დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ და პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი პასპორტი,“ ამის შესახებ რუსული პასპორტის დაწვისთვის თურქეთში დაკავებულმა მარიამ ფესვიანიძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
- „სრულად წინააღმდეგი ვარ იმ მოვლენებისა, რაც ხდება ახლა რუსეთში და, რა თქმა უნდა, უკრაინაში – ომის წინააღმდეგი ვარ და ჩემი ოცნებაა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი უკრაინაში და ჩვენი სამშობლოც იყოს თავისუფალი, არ იყოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია დაკავებული რუსეთში და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომაც, პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი რუსული პასპორტი, რომელიც სინამდვილეში ძველი იყო. მანამდე, შევამოწმე ყველა თურქული კანონი და ის არ დამირღვევია, თუმცა პოლიციაში მითხრეს, რომ მთავარ ქუჩაზე, რომელიც სტამბოლში მდებარეობს, პროტესტი არ შეიძლება, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს პროტესტი არ იყო, ეს იყო არტ პერფორმანსი,“ განუცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ფესვიანიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარიამ ფესვიანიძე, რომელმაც რუსული პასპორტი საჯაროდ დაწვა, თურქეთში დააკავეს. როგორც მედია წერს, შემთხვევა 17 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ანკარაში, რუსეთის საელჩოს წინ მოხდა. 21 მარტს გავრცელდ ინფორმაცია, რომ მარიამს დეპორტით საქართველოში დააბრუნებდნენ.
მარიამ ფესვიანიძემ რუსული პასპორტი პროტესტის ნიშნად დაწვა. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ პუტინი მკვლელია. მარიამის მამამ, ლევან ფესვიანიძემ, „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მარიამმა, როგორც ხელოვანმა, ამგვარი პერფორმანსით გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
მარიამი თურქმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
მისი თქმით, გაუგებარია როგორც მარიამის დაკავების, ისე დეპორტაციის სამართლებრივი საფუძვლები. ამიტომ, ფესვიანიძეს ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას პროტესტის გამოხატვის გამო სჯიან.
„მეც და ჩვენს დიპლომატებსაც გვაქვს საკმაოდ მყარი ეჭვი, რომ ყველაფერი ეს იყო გამოწვეული იმით, რომ რუსულმა მხარემ გარკვეული ზეწოლა გააკეთა თუ სთხოვა თურქულ მხარეს, რომ მარიამი რაც შეიძლება, მკაცრად დაესაჯათ. მარიამს არც ერთი თურქული კანონი არ დაურღვევია. მეტიც, როდესაც დააკავეს, თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ ოქმს შეადგენენ და გაუშვებდნენ. რამდენიმე წუთში დამირეკა, მაკავებენო, თითის ანაბეჭდები ამიღეს, საბუთები ჩამომართვეს და ტელეფონის ჩამორთმევამდე ერთი ზარის უფლება მომცესო. რაღაც მომენტში კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. არის ეჭვი, რომ ეს იყო რუსული მხარის გავლენით,“ — განუცხადა ლევან ფესვიანიძემ „ნეტგაზეთს“.
მარიამის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იყვნენ, ამბობენ, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა მიზეზად დაუსახელეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა. ლევან ფესვიანიძის თქმით, მის შვილს არც თურქეთის და არც რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა არ შეურაცხყვია.
ლევან ფესვიანიძის თქმით, დაკავების შემდეგ მარიამი გადაიყვანეს, სავარაუდოდ, სადეპორტაციო ცენტრში, სადაც მძიმე სანიტარული პირობებია, მას არ ჰქონდა წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე, ხარისხიან საკვებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ.
მარიამ ფესვიანიძე რუსეთში დაიბადა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მარიამი საქართველოში გადმოვიდა, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და მამის თქმით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსეთის პოლიტიკის მიმართ.