Europetime კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას გთავაზობთ ადამიანზე, რომელიც მეგობრობდა პიკასოსთან, სხვა არაერთ ცნობილ მსოფლიო დონის ხელოვანთან და საქართველოში ნობელის პრემიის არაერთი ლაურეატი და ცნობილი ხელოვანი მოიწვია. საქართველოს სწორედ მისი მოწვევით და ორგანიზებით ეწვია ცნობილი ფოტოგრაფი რობერტო კაპა , რომელმაც მსოფლიოს საქართველო უნიკალური კადრებით გააცნო და ყოველთვის აღფრთოვანებული იხსნებდა ჩვენს ქვეყანას.
ვლადიმერ მაჭავარიანს ახლო მეგობრობა აკავშირებდა როგორც პიკასოსთან, ისე სხვა ცნობილ ევროპელ და ამერიკელ მხატვრებთან, მსახიობებთან და მეცნიერებთან. პაბლო პიკასომ თავისი ქართველი მეგობარი ვლადიმერ მაჭავარიანი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში დაპატიჟა და რესტორნის შეფმზარეულს სთხოვა, საუკეთესო ღვინო მიერთმიათ მისი მეგობრისთვის.
როგორც Euroopetime-ს ვლადიმერ მაჭავარიანის შვილიშვილმა დავით ამირეჯიბმა უამბო, რესტორნის შეფმზარეულმა საუკეთესო ღვინოდ პიკასოს ქართული ღვინო „მუკუზანი“ მიართვა, თუმცა შეფმზარეულმა არ იცოდა, პიკასოს თანამესუფრე ქართველი რომ იყო.
ვლადიმერ მაჭავარიანმა, რა თქმა უნდა, მაშინვე იცნო "მუკუზანი" და თავისი ემოცია პიკასოსაც გაუზიარა. პიკასომ გადაწყვიტა, ღვინის ბოთლი მეგობრისთვის საქართველოში გამოეტანებინა.
„ბაბუამ ღვინო საქართველოში ჩამოიტანა. პარიზის რესტორნის საუკეთესო ღვინოდ მიჩნეული „მუკუზანის“ დეგუსტაცია მოგვიანებით თბილისში მოვაწყვეთ. მე პირადად, დღემდე მახსოვს მისი არომატი და გემო. პიკასომ ბაბუას, ასევე, აჩუქა ჩიბუხი, სპილოს ძვლის მუშტუკით, თამბაქო და თავისი ნახატი. ვლადიმერ მაჭავარიანს ჩიბუხი სარტრიმაც აჩუქა. ბაბუას ჩიბუხებისა და თამბაქოს უნიკალური კოლექცია ჰქონდა. სამწუხაროდ, რემონტის დროს მუშებმა მოიპარეს და, ალბათ, წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად ძვირფასი კოლექცია წაიღეს. ნახატი საქართველოშია. ქვეყნიდან არ გასულა.
ბაბუა მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, უცხოელებისთვის საქართველო გაეცნო. მისი მოწვევით იყვნენ საქართველოში სტეინბეკი, ცნობილი მწერალი ჟან-პოლ სარტრი, რომელმაც საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ თავისი მეუღლე გამოგზავნა, ცნობილი მწერალი, ეგზისტენციალური ფილოსოფიის წარმომადგენელი სიმონა დე ბუვუარი. ბაბუას მოწვეული იყო, ასევე, ცნობილი ფოტოგრაფი რობერტო კაპა, რომლის გამოფენების ორგანიზატორიც თვითონ გახლდათ“, - აღნიშნა Europetime-სთან საუბარში ვანო მაჭავარიანის შვილიშვილმა დავით ამირეჯიბმა.
მისივე ცნობით, ვლადიმერ მაჭავარიანის მოწვევით საქართველოს სტუმრობდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ აპდაიკი, ბესტსელერად ქცეული რომანის „კენტავრის“ ავტორი.
„ომის შემდგომი საქართველოს ევროპასთან დაახლოების მიზნით ბაბუამ 1948 წელს დააარსა უცხო ენათა ინსტიტუტი და მისი პირველი რექტორი გახდა. მოგვიანებით, კინემატოგრაფის მინისტრად დაინიშნა, პირადად მისი შერჩეული იყო „ქეთო და კოტეს“ სცენარი და მთელი შემოქმედებითი კოლექტივი, გადამღები ჯგუფი და მსახიობები, გადასაღები ადგილებიც კი. ამ ფილმის ერთ ეპიზოდში ბებიაც მონაწილეობს, ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის ქალიშვილი ალექსანდრა თოიძე. ფილმში, ილიკო სუხიშვილთან ერთად, „ქართულს“ ცეკვავს.
ვანო მაჭავარიანი, ფაქტობრივად, "ქეთო და კოტეს" გადაღების ინიციატორი და, ასე ვთქვათ, პროდიუსერი გახლდათ. ის, ასევე, იყო პენ კლუბისა და აზიისა და აფრიკის საერთაშორისო საზოგადოებების პრეზიდენტი; საქართველო-იტალიის მეგობრობის საზოგადოების დამფუძნებელი. პირადად მეგობრობდა ჟან პოლ სარტრთან, პიკასოსთან, პოლ ელუართან, ჯონ აპდაიკთან, რომელიც ჩვენს სახლშიც სტუმრობდა, ევროპისა და აშშ-ის თვალსაჩინო მოღვაწეებთან“, – აღნიშნავს ვანო მაჭავარიანის შვილიშვილი დავით ამირეჯიბი.
მისივე ცნობით, ვლადიმერ მაჭავარიანის დამსახურებით, იტალიაში უნიკალურ ქართულ ხელნაწერებს მიაკვლიეს: „იტალიაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სადაც ბაბუა მოხსენებას აკეთებდა ლიტერატორების კონგრესზე, მისმა იტალიელმა მეგობარმა ჩინიმ ძველ სომხურ მონასტერში წაიყვანა, რომელიც, როგორც მახსოვს, ვენეციასთან ახლოს მდებარეობს. მონასტერში ინახებოდა უძველესი ქართული წიგნები და გრაგნილები, ქართული ტექსტებით. სამწუხაროდ, ბაბუას ვიზა არ აძლევდა საშუალებას, რომ დარჩენილიყო და თავად შეესწავლა უნიკალური ქართული ბიბლიოთეკა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ეს ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიას, ხელნაწერთა ინსტიტუტსა და სპეციალისტებს მიაწოდა, რომ შეესწავლათ ხელნაწერები“.
ვლადიმერ მაჭავარიანი ამ ყველაფერს აკეთებდა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს რკინის ფარდა უკვე ჩამოშვებული ჰქონდა და დასავლეთთან მეგობრული კავშირების დიდი უმრავლესობა რეპრესიებით სრულდებოდა. გამონაკლისი არც ვლადიმერ მაჭავარიანი იყო. ლავრენტი ბერიას არ მოსწონდა მაჭავარიანის ინიციატივით გადაღებული „ქეთო და კოტე“. ბურჟუაზიულ იდეოლოგიად მიაჩნდა. ასევე, არ მოსწონდა მისი მეგობრული კავშირები ევროპელ და ამერიკელ ინტელიგენციასთან და ხელოვანებთან.
რეპრესირებულთა სიაში მოხვედრას მაჭავარიანი სტალინისთვის ფრანგული ინტელიგენციის მიწერილმა წერილმა გადაარჩინა. წერილში, ასევე აქებდნენ ქართულ მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ და იმ პერიოდის საუკეთესო მიუზიკლად მოიხსენიებდნენ. სტალინი ფილმით დაინტერესდა და მოეწონა, რამაც ვლადიმერ მაჭავარიანი რეპრესიებს გადაარჩინა.