უკრაინა შიშობს, რომ რუსეთი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმას ომის ესკალაციისთვის გამოიყენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომ მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შემსრულებლები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და რომ თითქოს უკრაინის მხარის მიერ საზღვარზე მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული. GUR-ის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ პუტინის ვერსია „ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.“


იუსოვი BBC-სთან ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს საზღვრისპირა ტერიტორიები სავსეა „ჯარებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით,“ „საზღვრის ხაზი დანაღმულია, თვალთვალი ორივე მხრიდან მიმდინარეობს ყველა საშუალებით, მათ შორის, საჰაერო დაზვერვით.“ ამ ფონზე კი, FSB აცხადებს, რომ Crocus City Hall-ზე  თავდამსხმელები თითქოს უკრაინაში მიემგზავრებოდნენ და ისინი უკრაინის საზღვრის შორიახლოს დააკავეს.


ტელეგრამ არხი Baza მანამდე იტყობინებოდა, რომ სავარაუდო ტერორისტების მანქანა სოფელ ტიოპლის მახლობლად დააკავეს, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის ბელორუსთან, ვიდრე უკრაინასთან. ეჭვმიტანილების დაკავების ადგილს ოფიციალურად არ ასახელებენ.


როგორც BBC წერს, კიევში შიშობენ, რომ რუსეთი გამოიყენებს თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რაც იქნება პრეზიდენტ პუტინისა და მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისა და ამ ბრძოლისთვის მეტი რუსი ჯარისკაცის მობილიზების გზა.