ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში პარასკევს მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს.


„ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ცდილობენ, ყველაფერი, ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც. და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი უკრაინაში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ - და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ.

ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ - და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემოიყვანეს, ჩვენ წინააღმდეგ ომობენ, და მათთვის სულ ერთია, რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის, თავის მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე დუმდა - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მანვე აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვიან, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.

„და თუ რუსები მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავის სპეცსამსახურებს არანაირი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.


შაბათს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად.

მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.