ოკუპირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა „მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის.“
"ცა და ზღვა ერთი ფერისაა! მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის! ყირიმი ჩვენია! ერთად - გამარჯვებამდე! ” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე.
რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.
სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლზე მიტანილი წუხანდელი იერიში იყო "ყველაზე მასიური ბოლო დროის განმავლობაში". რაზვოჟაევის თქმით, ქალაქის ცენტრში მინებია ჩამსხვრეული. მისი თქმით, სევასტოპოლის მკვიდრი, 65 წლის კაცი დაღუპა რაკეტის ფრაგმენტის საცხოვრებელ კორპუსზე დაცემის შედეგად. გარდა ამისა, რაზვოჟაევის თქმით, სულ ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა.