საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.
„დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.