დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არ გამოიყენოს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციისთვის. ამის შესახებ The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
შაბათს, 23 მარტს ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად.
მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„პუტინის სასოწარკვეთა, რომ ეს ყველაფერი უკრაინაზე გადაიტანოს, გასაკვირი არ არის, რადგან ის ცდილობს, კიდევ უფრო მოატყუოს რუსი ხალხი, იმავდროულად, თითქოს, რუსეთში არ არსებობს უთანხმოება,“ - განუცხადა გამოცემას ბრიტანეთის მთავრობის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა. წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა არ უნდა გამოიყენოს ეს ნაცადი მეთოდი საბაბად, უკრაინაში თავისი უკანონო ქმედებების ესკალაციისთვის.
რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა არხმა NTV-მ გაავრცელა ყალბი ვიდეო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოჩანაწერის თანახმად, „უკრაინელი უშიშროების მაღალჩინოსანი“ ცდილობს, გუშინდელი თავდასხმა უკრაინას დააბრალოს.
ვიდეოში, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, უკრაინის უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირი ოლექსი დანილოვი ამბობს: "დღეს მოსკოვში ხალისია. ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისოა. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მოვაწყობთ ასეთ გართობას უფრო ხშირად."
თუმცა, BBC-მ დაადგინა, რომ ვიდეო არის გასულ კვირაში გამოქვეყნებული ორი ინტერვიუს კომპოზიცია. ექსპერტის აზრით, დანილოვის ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ექსპერტი სემ გრეგორი BBC Verify-სთან ამბობს, რომ NTV-ის ეთერში გაშვებული ვიდეო,როგორ ჩანს, "დიფფეიკი" იყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვის მახლობლად საკონცერტო ცენტრ Crocus City Hall-ში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა.