„ყირიმს დავიბრუნებთ“ - უკრაინის დაზვერვამ ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელი სამხედროების ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ემზადება თუ არა ყირიმში ახალი დესანტი, ბუდანოვმა დადებითად უპასუხა.

„დიახ, ემზადებიან. და მოხდება. ასე გავაგრძელებთ. ყირიმი დაბრუნდება," - აღნიშნა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.


უკრაინის დაზვერვამ რამდენიმე სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.