საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის.
ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია პირველ ყოვლისა მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ.
დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.
ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
„ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომელიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით,“ აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია.
„მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას.
„შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა.