უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღევანდელ სარაკეტო შეტევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს.
„რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს,“ - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კიევზე თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც გამოეხმაურა და მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
„ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები და რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოგერიება,“ - აღნიშნა კულებამ.