აფეთქების საფრთხის გამო, პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრის საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური ცენტრიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ცენტრის დირექტორმა ოლეგ კარპოვმა განუცხადა. ტელეგრამ არხი Mash-ი წერდა, რომ მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებულები ამ ცენტრში მკურნალობენ, თუმცა როგორც კარპოვი ამტკიცებს, ისინიც სხვა შენობაში არიან განლაგებულნი.
კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მანამდე მიიღეს შეტყობინება, რომ რამდენიმე სართულზე, სავარაუდოდ, ინახებოდა ოთხი ზურგჩანთა, რომლებშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 137 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია. ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოებში თითქმის ასი ადამიანი რჩება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.