ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, აუცილებელი თუ არ არის, თავი შეიკაონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაკიტ კადიროვმა რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა ვიდრე ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.