ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 2 მლნ ევროს გამოყოფს

ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე უკრაინელი ქალი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად, დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ისლანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალა მთავარ როლს თამაშობს ბრძოლის ველზე, ამიტომ ისლანდია შეუერთდება სხვა მოკავშირეებს და შეიტანს დაახლოებით 2 მილიონი ევროს წვლილს 800 ათასი ჭურვის შესაძენად, რომელთა შეძენის შესაძლებლობა ჩეხეთმა მოიძია. გარდა ამისა, რეიკიავიკი დაახლოებით 500 ათას ევროს გამოყოფს უკრაინელი ქალი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობის - ჯავშანტექნიკის, ფორმების, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.


ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.

ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ.

„ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ.

ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.