საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული ნაკრები, გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.
გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.