საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, უკრაინის დადანაშაულების მცდელობა "ცინიკური და კონტრპროდუქტიულია."
მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს.
„ვფიქრობ, რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ," აღნიშნა მაკრონმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან.“ მაკრონის თქმით კი, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა.
საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა.