მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო მოედანი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, "რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ."
მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. ეს თანამშრომლობა, რომელსაც რუსეთს სთავაზობს, გულისხმობს ტერორისტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას.
მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტის უკან დგას, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების განმავლობაში თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. შესაბამისი ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა.
საფრანგეთის პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მის კოლეგასთან, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს კომუნიკაცია მინისტრების და ტექნიკურ დონეზე ხორციელდება.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს.