ამერიკის ელჩი: წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს მასპინძლობს, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს.

რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს: „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა.“

საბერძნეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავა.


ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.