აშშ და ბრიტანეთი ტყუილს უწოდებენ რუსეთის განცხადებას ტერაქტთან მათი და უკრაინის კავშირის შესახებ

აშშ და დიდი ბრიტანეთი ტყუილს და სისულელეს უწოდებენ რუსეთის განცხადებას, რომ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის უკან დგანან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერის თქმით, რუსეთის განცხადება ტყუილია. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თავდასხმასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან უკრაინას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს. მეთიუ მილერის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინის კომენტარები წარმოადგენს პროპაგანდას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისკენ.

რუსეთის განცხადებებს „სრული სისულელე უწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა. მისი განცხადებით, სრულად იზიარებენ აშშ-ის შეფასებას, რომ თავდასხმაზე ერთადერთი პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა."