რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი

  • ISW: კრემლის მიერ მოსკოვის ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას

ISW-ის შეფასებით, როგორც ჩანს, კრემლმა 22 მარტის თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება პრიორიტეტულად მიიჩნია. 

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში უკრაინის ჩართულობას რუსეთი დაჟინებით ამტკიცებს, რასაც წინ უძღვის კრემლის მრავალწლიანი მცდელობა, გაამართლოს თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრა იმით, რომ თითქოს, სუვერენული „უკრაინა რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.“


რუსეთის ხელისუფლებამ Crocus City-ის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შემდეგ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. მათ ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენაში ედებათ. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდა. მასიურ სროლაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო.

ISW მიიჩნევს, რომ კრემლი და მისი ულტრანაციონალისტური მოკავშირეები უგულებელყოფენ სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მოჰყვება IS-ის და IS-K-ის მოქმედებებს რუსეთში. ამის ნაცვლად, ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ უკრაინის მიმართ ცრუ ბრალდებას, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოების აღქმაზე. ამავდროულად, რუსი ლიდერები ინარჩუნებენ ხელმისაწვდომობას უმცირესობათა თემებზე, რომლებიც პოტენციურად დაუცველნი არიან ექსტრემისტული ჯგუფების მიერ რეკრუტირებისთვის და მათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის რესურსად ხედავენ.


24 და 25 მარტს რუსმა ულტრანაციონალისტმა სამხედრო ბლოგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფუძვლო პრეტენზიები, რომელიც უკრაინას ადანაშაულებს თავდასხმაში. მან გაიმეორა სხვა ულტრანაციონალისტური მტკიცებულებები და ვარაუდები, რომ IS-ს და IS-K-ს არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმა, როგორიც იყო Crocus-ში. ისინი ამტკიცებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცება უკრაინის და დასავლეთის სავარაუდო ჩართულობის დამალვას ემსახურება. 


რუსული პროპაგანდა ასევე ამტკიცებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უკრაინაში მომზადებული „ფანჯრის“ მეშვეობით გაქცევა განიზრახეს. შეთქმულების თეორია ვერ ხსნის, თუ რატომ არჩევდნენ 16 ქვეყნიდან, რომელთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს, გაქცევას საზღვრის ერთადერთი მონაკვეთით, რომელიც არის აქტიური საომარი ზონა და ძლიერ გამაგრებული და პატრულირებული რუსი სამხედროების მიერ. 


25 მარტს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი სასტიკი თავდასხმა "რადიკალურ ისლამისტებს" მიაწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ემხრობიან იდეოლოგიას, რომელსაც ისლამური სამყაროც კი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ამავე დროს, პუტინმა გაიმეორა თავისი ვარაუდი, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა. ცნობისთვის, მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი 22 მარტის საღამოს გახსნა, რუსეთის ხელისუფლების უახლესი ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ 139 ადამიანი დაიღუპა.