ლატვიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
რუსმა დიპლომატმა ლატვია 10 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. მას ვენის კონვენციის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლეგ ზიკოვი დაიბარეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მასთან მწვავე პროტესტი გამოხატეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთგზის საყვედურის მიუხედავად, რუსეთის საელჩო აგრძელებს არასწორ საჯარო კომუნიკაციას, რომლის მიზანია ლატვიის სახელმწიფოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაცია და ლატვიურ საზოგადოებაში მტრობის გაღვივება.
გასულ კვირას სლოვენიის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო.
მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რათა ეცნობებინა, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
უფრო ადრე კი, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოეცხადებინა პერსონა ნონ გრატად იმის გამო, რომ მათი საქმიანობა „შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან.“