ესტონეთის პოლიციამ საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის მოქალაქე დააკავა

ესტონეთის პოლიციამ საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დააკავა ესტონეთის მოქალაქე სვეტლანა ბურცევა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Balt News-ის რეპორტიორი იყო - კრემლის მიერ მართული Russia Today-ს (RT) განშტოება, იტყობინება ესტონური გამოცემა Eesti Ekspress-ი. ევროკავშირმა RT-ის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.


ბურცევა, რომელიც, სავარაუდოდ, სტატიებს წერდა და იღებდა ფოტოებს რუსული სახელმწიფო მედიისთვის, პირველ მარტს დააკავეს მას შემდეგ, რაც ესტონეთის სახელმწიფო პროკურატურამ ბურცევას დაკავების შუამდგომლობა 29 თებერვალს შეიტანა. საქმე მხოლოდ 27 მარტს გახდა საჯარო მას შემდეგ, რაც ბურცევას ადვოკატმა სასამართლო პროცესის მოლოდინში, პატიმრობიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოითხოვა. 57 წლის ბურცევას დაკავების შემდეგ პატიმრობა შეეფარდა, რათა ბრალდებული ქვეყნიდან არ გაქცეულიყო. საოლქო სასამართლო ტალინში, გირაოს თაობაზე სხდომას მომავალი თვის დასაწყისში გამართავს.


რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პრორუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში. ევროკავშირის გარდა, RT-ს მაუწყებლობა შეუჩერდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, კანადასა და ავსტრალიაში. ვიდეო-სერვისმა Youtube-მა 2022 წლის მარტში ასევე დაუბლოკა RT-ს და სხვა რუსულ არხებს სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება.

16 იანვარს ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პროფესორი დააკავა.