ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტამდე, პირველად დაინიშნა ავტობუსი, რომელიც მგზავრებს მოემსახურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 3 ერთეული ავტობუსი აეროპორტის მგზავრებს ქუთაისის ცენტრიდან დღეიდან, 28 მარტიდან მოემსახურება. მგზავრობის ღირებულება ხუთი ლარი იქნება.
Isuzi Novociti life-ის მოდელის სამი, რვამეტრიანი ავტობუსი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2024 წლის თებერვალში „ჯი-თი გრუპისგან“ შეიძინა და ჯამში, 1 398 000 ლარი გადაიხადა. ავტობუსი თურქეთშია წარმოებული. ზუსტად ამ მოდელის ავტობუსები ემსახურება თბილისის მოსახლეობას მცირე მანძილებზე.
ავტობუსი მგზავრებს ქუთაისიდან, DMO იმერეთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის 9 ა-დან წაიყვანს და იმავე მისამართზე წამოიყვანს აეროპორტიდანაც.
ცნობისთვის, აეროპორტი 12 წლის წინ გაიხსნა, ქუთაისიდან აეროპორტამდე მოხვედრა ამ დრომდე მხოლოდ ტაქსით, კერძო ავტომობილით, ან დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იყო შესაძლებელი, მაგალითად, ქუთაისი-სამტრედიის მიკროავტობუსით.