სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.
სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში, ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების გადმოცემის სირთულეები," - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, უკვე 18 მარტიდან ნებართვების გაცემა ხდება განაცხადების საფუძველზე, არა ქოლ-ცენტრის მეშვეობით, შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებმა გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა.
„ამასთან, პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში ხდება იმ გადამზიდველთა სიების განთავსება, რომლებზეც ნებართვა გაიცემა,“ აცხადებენ სააგენტოში.
შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მძღოლმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და, რომ მათი წარმომადგენლობით, ასოციაციები მიიღებენ მონაწილეობას სააგენტოს ქმედებებში.
„სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა შეგვითანხმდა, რომ უნდა მოხდეს გადამზიდავთა გაწევრიანება და ფორმირება ასოციაციებად, ეს წარმომადგენლობით ასოციაციები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას მომავალში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში. პრინციპში, ეს სწორედ ის იყო, ჩვენი მოთხოვნა. შეკრებილი ადამიანები დაიშლებიან,“ აღნიშნა მან რადიო თავისუფლების ცნობით.
მძღოლები ჩიოდნენ, რომ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემდა. მათი თქმით, უწყება ნებართვებს "შავი ბაზრის" გავლით ყიდის. ამის გასაპროტესტებლად, ისინი საპროტესტო აქციებს მართავდნენ.