ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის ქალაქ სიანის პორტისკენ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გავლით, პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა. იტყობინება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო მოგზაურობის ფარგლებში, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ეწვია საერთაშორისო მშრალ პორტ სიანს, რომელიც ჩინეთში პირველ ადგილზეა საკონტეინერო მატარებლების გადაზიდვისა და გადამუშავების მოცულობით. მშრალი პორტის ტერიტორიაზე გაიხსნა ყაზახური ტერმინალი, რომლის სიმძლავრე 66,5 ათასი TEU იქნება წელიწადში.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.