ზელენსკი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მეომრები მეტი იარაღით მოვამარაგოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიიღება ზომები უკრაინელი მეომრების მეტი იარაღით უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა გააკეთა მოხსენება თავდაცვის პაკეტების შესახებ, რომლებსაც ვიღებთ და რომლებზეც ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მეომრებს მეტი შესაძლებლობები, მეტი იარაღი მივცეთ. და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


მისი თქმით, რუსეთი ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით და მილიარდ დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოხდენაზე. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ფულს უხდიან სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს.

„ეს ეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს – მგრძნობიარე რეგიონებს. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილს და ევროპას, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და გამწვავებული დესტაბილიზაციისგან.


როგორც ჩრდილოეთი, ისე ლათინური ამერიკა, ასევე რუსული დაზვერვისა და დამანგრეველი საქმიანობის სამიზნეა. მრავალი თვალსაზრისით, ეს გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. ცხადია, რუსეთის რესურსებს, მათ შორის ფინანსურს, ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება თავიანთი გამბედაობით, მონდომებითა და იდეებით. მეორე მხრივ, ასეთი ორგანიზაციის მუშაობა არ შეიძლება, იყოს იაფი და ეს არის მთელი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ამოცანა: ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ფინანსები ჩვენი დაზვერვის მუშაობისთვის – გავაფართოოთ დაფინანსება კონკრეტული პროექტებისთვის, კონკრეტული მიზნებისა და განვითარებისთვის,“ – განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება, დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება შეძლოს. უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია. მისი თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ფრონტზე ვითარება დასტაბილურდა, თუმცა, ზამთრის თვეები საკმაოდ რთული იყო.


„ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს.


„მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტი, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს - გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს,” - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია, ყოფილ საბჭოთა კავშირს მისი „იმპერიული დიდება“ და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს.

„მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ - ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ, გერმანიის ნახევარი… ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება, ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან NATO-ს წევრი არიან,” - განაცხადა ზელენსკიმ.