კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს – გუნდის ექიმებმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელს თამაშის უფლება არ მისცეს.


„სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს,“ – წერია „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შაბათს, 30 მარტს, 15:30 საათზე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთთან მატჩისას კვარაცხელიას კუნთი დაეჭიმა და ის მოედნიდან მაშინ გაიყვანეს, როდესაც გამარჯვებულის გამოსავლენად უკვე დამატებითი დრო მიმდინარეობდა.