ჩად ბრონშტეინის თქმით, უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია.
Real American Freestyle-ის (RAF) თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ იწონებს ასეთ ქმედებებს და რომ ეს სამწუხარო შემთხვევა იყო. ბრონშტეინმა განმარტა, რომ ნურმაგომედოვს შაბათს, „ეტიჰად არენაზე“ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. უსმან ნურმაგომედოვი აბუ დაბიში, ძმის, უმარ ნურმაგომედოვის მხარდასაჭერად იმყოფებოდა.
„მერაბი თავს კარგად გრძნობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის მოგვარებას ვცდილობთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი რაც შეიძლება მალე გადაწყდება. რაც შეეხება უსმანს, ცხადია, ის შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას ვერ დაესწრება.
იმედი გვაქვს, მერაბი ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. ის აქ სპეციალურად ჩამოფრინდა და RAF-ისთვის მნიშვნელოვანი სპორტსმენია. ძალიან გვინდა, რომ მერაბმა იასპარეზოს,“ – განაცხადა ჩად ბრონშტეინმა.
ამერიკული პროფესიონალური ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებას 14 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მართავს.
აბუ-დაბის პოლიციის განცხადებით, გენერალურმა სარდლობამ დააკავა 8 პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; კონფლიქტი მათ შორის არსებულ ადრინდელ უთანხმოებას უკავშირდებოდა. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი ვიდეოზე აღბეჭდეს. „დაკავებულების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები, რის შემდეგაც საქმე გადაეცა გენერალურ პროკურატურას, კანონმდებლობის შესაბამისად წარმოების დასასრულებლად.
ინციდენტი სასტუმროს შესასვლელთან მოხდა და მას წინ უძღოდა კონფლიქტში მონაწილე პირებს შორის არსებული უთანხმოება. აბუ-დაბის პოლიციის სპეციალიზებულმა ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რეაგირება, რის შედეგადაც დააკავეს როგორც თავად კონფლიქტის მონაწილეები, ისე — ჩხუბის ამსახველი ვიდეოს გადამღები ორი პირი; მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული.
აბუ-დაბის პოლიცია ხაზს უსვამს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მნიშვნელობას. უწყება აცხადებს, რომ მკაცრად აღკვეთს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთანავე, პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონები და წესები, ასევე გამოიჩინონ ცივილიზებული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.