ყაზახეთმა შესაძლოა, რუსული ბანკები ჩინეთის, თურქეთისა და სამხრეთ კორეის ფინანსური ინსტიტუტებით ჩაანაცვლოს

ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს ჩინეთიდან, თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან ბანკების შვილობილი კომპანიების მოზიდვას, რათა რუსული Sberbank, VTB და Alfa Bank ჩაანაცვლოს. ამის შესახებ რეგულირებისა და განვითარების სააგენტოს (ARRFR) თავმჯდომარის მოადგილემ ნურლან აბდრახმანოვმა განაცხადა.


„2022 წელს მომხდარი მოვლენების გამო (რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. რედ.), ამ ბანკებმა შეწყვიტეს მუშაობა და პრაქტიკულად დატოვეს ბაზარი“, - განმარტა აბდრახმანოვმა. მისი თქმით, შედეგად, რუსული საკრედიტო ინსტიტუტების კლიენტები ყაზახეთის ბანკებში გადავიდნენ.


დეკემბერში ARRFR-მა უცხოური ბანკების შესვლის პროცედურის გამარტივების შესახებ განაცხადა.

კერძოდ, მარეგულირებელს სურდა ფინანსური ორგანიზაციის შექმნის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების მოთხოვნების შერბილება. გარდა ამისა, მარეგულირებელი ზოგიერთ პრუდენციულ სტანდარტზე, მათ შორის, ბანკების კაპიტალიზაციის კოეფიციენტის არარეზიდენტების მიმართ ვალდებულებებისა და ბანკების სახსრების ნაწილის შიდა აქტივებში განთავსების კოეფიციენტის გადახედვისას, პროცედურების შემსუბუქების დაპირებით გამოვიდა.


მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორპორატიული დაკრედიტების მოცულობა არასაკმარისია და პრობლემის გადასაჭრელად „სამი სანდო უცხოური ბანკის“ ჩართვაა საჭირო. რესპუბლიკაში ამჟამად 21 ბანკი ფუნქციონირებს.


უმსხვილესი რუსული ბანკები იძულებულნი გახდნენ, შეეზღუდათ თავიანთი ბიზნესი ყაზახეთში საერთაშორისო სანქციების გამო, რომლებიც დაწესდა უკრაინის ომის გამო. ყველა მათგანი SWIFT-ის ბანკთაშორისი შეტყობინებების სისტემიდან გათიშეს. შეერთებული შტატები მათთან თანამშრომლობისთვის მეორადი სანქციებით დაიმუქრა.