რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინული დიპლომატიის მიღწევებს გაუსვა ხაზი.
  • ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური ვერტიკალი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული.
კულებას თქმით, ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 
 
უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას აქტიურად ითხოვდა, თუმცა პარტნიორებს ამ საკითხში განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ.
 
„ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე 24 თებერვალს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასთან საუბრისას, SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას მხარი დაუჭირა.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, უნგრეთი რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს უჭერს. ასევე, კვიპროსი თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას:

  • ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან.

უფრო ადრე, კულება წერდა:

  • ყველას, ვინც ახლა ყოყმანობს, უნდა მოიკვეთოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში მათი ხელიც ურევია.

წყაროები ევროკავშირიდან ანონიმურობის პირობით უზიარებენ ინფორმაციას საერთაშორისო მედიას, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებდა ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ შიშობდა, რომ მას არ შეეძლო, იზოლირებულად ემოქმედა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რუსეთს უმკაცრესი სანქციებით მუდმივად ემუქრება, საჯაროდ მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.

ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებდა იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნებოდა გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის წინ, ჟურნალისტებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ ევროკავშირის ახალ სანქციებში SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემის საკითხის ახლა შეტანის წინააღმდეგია. შოლცი ამტკიცებდა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა, ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე განიხილებოდეს. 

„ერთიანობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ზომებზე რომლებიც მომზადდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და დანარჩენს ყველაფერს ვიტოვებთ იმ სიტუაციისთვის, როდესაც საჭირო იქნება სხვა რამის გაკეთებაც“, - განაცხადა შოლცმა, თუმცა SWIFT-ი არ უხსენებია.

25 თებერვალს, ამავე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის ჩახსნის საკითხი, ამავე დროს, შესაძლო შედეგებიც გათვალოს.

აშშ-ის პოზიცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. მისივე აზრით, რუსეთის ჩახსნა SWIFT-დან „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“.

„სანქციები, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანია, SWIFT-თან შედარებით, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


რა არის SWIFT-ი?

  • SWIFT  (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) უსაფრთხო გლობალური შეტყობინებების ქსელია, რომელსაც ბანკებიტრანსსასაზღვრო გადახდების განსახორციელებლად  იყენებენ. ქსელი ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს ფულის გადარიცხვაში, რაც  გლობალური ვაჭრობის შეუფერხებლად მიმდინარეობას უზრუნველყოფს. მას იყენებს 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიებზე უსაფრთხო გადახდის მოთხოვნის შესასრულებლად. 2020 წელს, პლატფორმა ტრილიონობით დოლარის გადარიცხვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით, თითქმის 40 მილიონ შეტყობინებას, ყოველდღე იღებდა, რაც SWIFT-ს მსოფლიოში როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის შეტყობინებების ქსელად აქცევს. 

 

  • მთავარი უპირატესობა - პლატფორმაზე გაგზავნილი შეტყობინებები უსაფრთხოდ ითვლება და ეხმარება ბანკებს, სწრაფად დაიცვან გადახდის ინსტრუქციები. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს, ყოველდღიურად აწარმოონ დიდი მოცულობის ტრანზაქციები. ბელგიაში დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ზედამხედველობას უწევენ ევროპის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები.

რას ნიშნავს რუსეთისთვის SWIFT-დან ჩამოშორება

ქსელიდან რუსეთის გათიშვა მის ეკონომიკას სერიოზულად შეაფერხებს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქვეყნის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. აკრძალვა გაურთულებს რუსულ ფირმებს და ფიზიკურ პირებს, იმპორტირებული საქონლის ან მათი ექსპორტისთვის გადახდა უზრუნველყონ, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობისა და გაზის სექტორს, რომელიც ფულადი სახსრების მიმოქცევის თვალსაზრისით SWIFT-ზეა დამოკიდებული.

ეს ასევე შეუზღუდავს რუსებს საზღვარგარეთ ინვესტირების ან სესხის აღების შესაძლებლობას. 2012 წელს, ირანული ბანკების ქსელიდან გამოსვლამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დრამატული ვარდნა ნაწილობრივ განაპირობა. რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვა არხები, როგორიცაა ტელეფონები, შეტყობინებების აპლიკაციები ან ელ-ფოსტა, მაგრამ ეს ალტერნატივები არ იქნება ისეთი ეფექტიანი და უსაფრთხო, როგორც SWIFT-ი და შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარჯები და ტრანზაქციის მოცულობის შემცირება.

რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი გადახდის შეტყობინებების ქსელი, სახელწოდებით SPFS-ი, სისტემა, რომელიც ახორციელებს შიდა გადახდების დაახლოებით მეხუთედს, SWIFT-თან შედარებით, რაც მას სუსტად წარმოაჩენს.


ევროკავშირი და SWIFT-ი

ევროკავშირის ეკონომიკა უფრო მეტად არის გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკასთან, ვიდრე აშშ-ის ეკონომიკა და ბევრად მეტს დაკარგავს, თუ მოსკოვი SWIFT-ს გამოეთიშება. ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს რუსეთის იმპორტის დაახლოებით 37% ევროკავშირიდან მოდიოდა და მისი ექსპორტის თითქმის 38% ევროკავშირში გადიოდა. ბლოკი დიდწილად ეყრდნობა რუსეთს მისი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის და ქვეყნიდან იღებს გაზის მესამედზე მეტს და ნავთობის დაახლოებით მეოთხედს. 


SWIFT-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია?

SWIFT-ი საკუთარ თავს პოლიტიკურად ნეიტრალურად ახასიათებს და წინააღმდეგობას უწევს ქვეყნების ქსელიდან ამოღების მოწოდებებს. თუმცა, SWIFT-ი, რომელიც ექვემდებარება ბელგიის კანონმდებლობას, იძულებულია ბელგიის და ევროკავშირის წესებს დაემორჩილოს. ევროკავშირის - რომელმაც რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ტექნიკურად დამოუკიდებელია, შეერთებული შტატები ეფექტიანი გავლენით სარგებლობს, რადგან გადახდის ნაკადების 40%-ზე მეტი სწორედ აშშ დოლარში იმართება.


მომზადებულია საერთაშორისო მედიის მიხედვით, Politico, Euronews, BBC, Reuters.