უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოსკოვში, Crocus City Hall-ში განხორციელებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად, ხალხის მობილიზებისთვის გამოიყენოს.
„ჩვენ გვესმის, რომ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობდა, უერყო ის, რაც ISIS-მ თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა," - აღნიშნა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს რუსეთის ფედერაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და თარიღებიც კი დაასახელეს, თუმცა ვლადიმერ პუტინმა რეაგირება არ მოახდინა.
„გთხოვთ, მითხარით, თუ გააფრთხილეს, რატომ ზის სარდაფებში ადამიანი, რომელსაც ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო - პუტინი. რატომ არ რეაგირებს ადამიანი, რომელსაც ასე ეშინია ყველაფრის? რატომ არ იყო დაცვა? რატომ არ იყო რეიდები? ისინი აკეთებენ ამას, როცა ნავალნის მსგავს ადამიანს, ოპოზიციონერს, უნდა ქუჩაში გამოსვლა და პუტინის წინააღმდეგ საუბარი, თქვენ ნახეთ, რა ხდება. ვნახეთ, როგორი რეიდებია, მაშინვე ციხეში მიჰყავთ, ახლობლებს ციხეში ათავსებენ, ანგარიშებს ბლოკავენ. ყოველთვის ასე რეაგირებენ. რატომ არ გააკეთეს არაფერი ამ შემთხვევაში?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კითხვაზე პასუხი მყისიერად ჩნდება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს, უკრაინაზე თავდასხმა გაგრძელდეს.
„მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, პატიმრების გარდა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მისი საზოგადოების მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მზადაა, გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი, რათა გააერთიანოს რუსული საზოგადოება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის არ სჯერა და ასევე რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა. ზელენსკი თვლის, რომ პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.