დღეს დილით ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საწარმოებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური საწარმოებს არ აკონკრეტებს. რუსული წყაროებით ვრცელდება დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქების ამსახველი ვიდეოები.
გამოცემა „რბკ-უკრაინა" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ელაბუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელაბუგის რაიონში მდებარე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, „ალაბუგის“ ტერიტორიაზე დანგრეულია საერთო საცხოვრებლის შენობა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.