აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, გადასცეს თუ არა ისრაელს 18 მილიარდი დოლარის იარაღი, მათ შორის, ათობით F-15-ის ტიპის თვითმფრინავი. ამის შესახებ Reuters-ს ხუთმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. ისრაელის პაკეტი მოიცავს 50 ერთეულ F-15-ის თვითმფრინავს, დამატებით, თვითმფრინავების მრავალწლიან მომსახურებასა და წვრთნას.
სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ისრაელისთვის 25 ერთეული F-15-ის მოიერიშე თვითმფრინავის მიყიდვა განიხილება მას შემდეგ, რაც აშშ-მ მიიღო ოფიციალური მოთხოვნა 2023 წლის იანვარში, ღაზის სექტორში ისრაელის ექვსთვიანი სამხედრო კამპანიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ეს ოპერაცია გაზრდის F-15-ის საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობას 50-მდე.
სხვა წყარომ აღნიშნა, რომ თვითმფრინავების მიწოდების დაჩქარება ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც გასულ კვირას ეწვია ვაშინგტონს და მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თვითმფრინავის ყველაზე ადრეული მიწოდება 2029 წელია და ეს იმ პირობით, რომ ხვალ კონგრესს ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნება და შეთანხმება დაუყოვნებლივ გაფორმდება.
ეს გარიგება განცალკევებით განიხილება ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის დახმარებისგან, რომლის დამტკიცებას ბაიდენმა კონგრესს სთხოვა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით 30 მარტს ავრცელებდა.
მანამდე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, მიიღოს მეტი ინფორმაცია ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გეგმების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ქალაქ რაფაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება ისრაელის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს.