ბოლო ხუთ თვეში უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმების გამო, რუსეთი აპრილში შავი და ბალტიის ზღვის პორტებიდან დიზელის ექსპორტის შემცირებას გეგმავს.
წიაღისეული საწვავი არის რუსეთის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და კრემლის ომის მანქანის შემოსავლის მთავარი წყაროა. როგორც Bloomberg-ი წერს, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აწვდის ნავთობს და გაზს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, ინდოეთსა და ჩინეთს. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აწყობდა. Bloomberg-ის ცნობით, 17 მარტის თავდასხმის სამიზნე იყო ათეულობით რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაც რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
„ინდუსტრიის მონაცემები აჩვენებს, რომ დიზელის ექსპორტი აპრილში დაახლოებით 2,29 მილიონ ტონამდე შემცირდება,“ წერს გამოცემა ინდუსტრიის მონაცემებზე დაყრდნობით.
„ეს დღეში 569 000 ბარელზე ოდნავ მეტს უდრის, რაც 21%-ით ნაკლებია მარტში იმავე პორტებიდან დაახლოებით 724 000 ბარელის დღიურ ექსპორტთან შედარებით,“ - წერს Bloomberg-ი.
29 მარტს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნედ ქცევა ლეგიტიმური სამხედრო სტრატეგიაა. „დარტყმები შეესაბამება უკრაინის სამხედრო მიზნებს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ეს ინტერვიუ მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა ,შეწყვიტოს შეტევა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კიევს მსგავსი მოწოდებები ვაშინგტონიდან არ მიუღია.