ესტონეთი 18 Caesar-ის შესყიდვას და გემის აშენებას გეგმავს

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა, „კეისრის“ ტიპის 18 თანამედროვე ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (SPG) მიიღოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Postimees-თან ინტერვიუში განაცხადა.

პევკურის თქმით, 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანაყოფები თავდაცვის ძალების გაძლიერების პაკეტში იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი შესყიდვაა. დაგეგმილია მათგან ცალკე ბატალიონის ჩამოყალიბება, რომელიც უშუალოდ პირველ დივიზიას მოემსახურება.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაგეგმილი ინვესტიცია ესტონეთის საზღვაო ძალებისთვის ახალი გემის მშენებლობაა.

„ჩვენ თვითონ ვგეგმავთ ახალი გემის აშენებას, ვიდრე მის შეკვეთას,“ - აღნიშნა პევკურმა და დაამატა, რომ მისი სავარაუდო ღირებულება 30-40 მილიონი ევრო იქნება.


შეგახსენებთ, რომ ჰანო პევკურმა 21 მარტს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 29 მარტს, ესტონეთის NATO-ში გაწევრიანების-მე-20 წლისთავზე, მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.