რაზე ამახვილებს სახალხო დამცველი ყურადღებას 2023 წლის ანგარიშში

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.  ლევან იოსელიანი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას. მისი განცხადებით, მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები.


  • „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს - დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება,“ ამბობს ომბუდსმენი.

„ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. დიდი იმედებით ველოდებით, სასჯელის შესახებ მათ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და განგრძობად ოკუპაცია სამართლებრივად უნდა შეაფასოს. მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საკუთრების უფლებების დარღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი.

ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 35 შეხვედრა გვქონდა საოკუპაციო ხაზის მომდებარე მცხოვრებ ქალებთან.

შემაძრწუნებელია ისტორიები, რომლებსაც ისინი მიზიარებენ. ქალები ხშირად დაუცველები არიან ძალადობის შემთხვევებში, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, არ აქვთ ინფორმაცია ისეთ მომსახურებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უფასოა, მაგალითად, სკრინინგი. როგორც იცით, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება, საანგარიშო პერიოდში და წლების განმავლობაშიც დღესასწაულების დროს ხელოვნურად უშლიან ადამიანებს გადაადგილებას. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წელს იქნება გამონაკლისი და აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ წინაპართა სალოცავების და საფლავების მონახულებას,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა

სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა - საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.

ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.


„წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის მაისში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ad hoc ვიზიტით საქართველოს სპეციალურად ეწვია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად, 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა მიუთითა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაფრთხილების გარეშე უნდა მოგვარებულიყო.

საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.


სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მნიშვნელობაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. კერძოდ, მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდადებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება. ასევე საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.


შეკრების თავისუფლება

ანგარიშის მიხედვით, შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება - საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

ამასთან, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული.

„2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული.

შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რომლებთან მიმართებითაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს.


2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას. ეს ინიციატივა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ასევე უარყოფითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. მათი შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ეტაპზე კანონის მიღების პროცესი შეჩერებულია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უარი თქვას კანონის მიღებაზე,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში.


გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა და ბავშვების მიმართ ძალადობა

 

სახალხო დამცველის შეფასებით, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები - 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

ანგარიშის მიხედვით, ამასთან, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით.

„პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით.

სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა,“ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.


ამავე დოკუმენტის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება- კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა,

ანგარიშის მიხედვით, პაციენტებს კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.


„ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. მათ მხოლოდ ექიმისა და დამხმარე პერსონალის ნებართვისა და კეთილგანწყობის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობით. დამატებით, პაციენტებს, კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.


კვლავ შენარჩუნებულია ამანათების მიღების პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ყოფილ. აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება სამოქალაქო განყოფილებაში ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების მიმართაც, რომელთაც ისედაც უნდა შეეძლოთ დაწესებულების ხანმოკლე დროით დატოვება და მათთვის სასურველ ადგილას, მათთვის სასურველი პროდუქტების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შეფერხების აღმოფხვრის შესახებ, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.


სახალხო დამცველი მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს, რომლის შედეგადაც, განახლდა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების პირობები. განახლებული პირობებით: დაწესებულებას მოეთხოვება პაციენტთან შეხვედრების სივრცის/ოთახის ქონა, სადაც დაცული უნდა იქნეს პაციენტის პრივატულობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირისპირ და კონფიდენციალურ გარემოში შეხვდნენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების მონიტორინგის შედეგად პრობლემები გამოკვეთა ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები, ხოლო დამხმარე პერსონალის სამუშაო ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ პერიოდულად ეძლევათ.


დაწესებულებებში არიან ბენეფიციარები, რომლებიც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, რადგან არ აქვთ მათი ტელეფონის ნომრები და მათ მოძიებაშიც არავინ ეხმარება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ბენეფიციარების გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებას, ისე მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.