ტრამპმა თაღლითობის საქმეზე $175 მილიონიანი გირაო გადაიხადა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით დაკისრებული 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც თავიდან აიცილა აქტივების, მათ შორის, ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერისა" და ფლორიდის "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციის ჩამორთმევა.


მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპი დამნაშავედ ცნეს განზრახ ფინანსურ თაღლითობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში განზრახ ბერავდა საკუთარი ქონების ღირებულებას, რათა შეცდომაში შეეყვანა ბანკები და მიეღო უკეთესი სასესხო პირობები.

თავდაპირველად ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს გირაოდ 464 მილიონი დოლარი დაუწესა, მაგრამ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შედეგადაც, გირაოს ოდენობა შემცირდა. თუ ტრამპი აპელაციას წააგებს, მას 464 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს.

მანამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.