მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი Crocus City Hall-ი შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
„სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო,“ - წერს გამოცემა.
მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით რუსეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.