ლომჯარია: როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში

ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიციირების გადაწყვეტილებას, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ასეთ კანონებს რა მოჰყვება, თვალნათელია რუსეთის მაგალითზე.

„რატომ დააბრუნეს „რუსული კანონი”? „ქართულ ოცნებას” უნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან. არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით,“ - წერს ლომჯარია.


მამუკა მდინარაძის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს.